სააკაშვილი – 7 ნოემბრის საქმეზე: "ხალხმა ვერდიქტი გამოიტანა“
29/11/2021 11:30:30 პოლიტიკა
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვრცელ სიტყვაში, რომლითაც ის სასამართლო პროცესზე წარდგა, ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზეც. სწორედ აღნიშნულ ეპიზოდზე მსჯელობს ამჟამად სასამართლო.
"რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას. გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით?",- განაცხადა სააკაშვილმა.
მან 7 ნოემბრის მოვლენები გეოპოლიტიკური პროცესების კონტექსტში გაიხსენა. კერძოდ, მისი თქმით, 2006 წელს ვლადიმირ პუტინმა მას უთხრა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რომ ნატო–ს მიმართულებით საქართველოს სვლა შეეჩერებინა. ამასთან, სააკაშვილმა რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, სააკაშვილის თქმით, იმავე წელს მას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უთხრა, რომ არკადი პატარკაციშვილს მასთან შეხვედრა სურდა. სააკაშვილი ასევე ლუკაშენკოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2007 წლის სექტემბერში "ეფ-ეს-ბეს" სამი გენერალი პატარკაციშვილს შეხვდა და პუტინმა მას უთხრა, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი პატარკაციშვილი იქნებოდა. ამასთან, სააკაშვილის ცნობით, სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის ოქტომბერში ერევანში კანონიერ ქურდებს დაევალათ საქარველოს დედაქალაქში არეულობების მოწყობა.
გარდა ამისა, სააკაშვილის ცნობით, ოქტომბერშივე თბილისში ისტორიული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლები და მეგობარი ქვეყნების საგარეო მინისტრები ესწრებოდნენ, სადაც საქართველოსთვის პრაქტიკულად მაპის მიცემა გადაწყდა. 2 ნოემბერს კი მოხდა დიდი დემონსტრაცია. თუმცა როგორც სააკაშვილი ამბობს, შორსაა აზრისგან, რომ აქციაზე გამოსულმა ადამიანებმა პატარკაციშვილის რუსული გეგმების შესახებ იცოდნენ. რაც შეეხება საზოგადოების პროტესტს, მესამე პრეზიდენტმა მოსახლეობის ბრაზს ობიექტური უწოდა და ფიქრობს, რომ ეს უპირველესად, მტკივნეული რეფორმებით იყო განპირობებული:
„ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები. პოლიციის რეფორმის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია იყო მაღალი. ვიღაცას ჰქონდა მეტი შემოსავალი, ვიღაც გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული.
მართლაც იყო დიდი მიტინგი. მე ეს მივიღე, როგორც სიგნალი. მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა დიდი სიტყვა. ნათელი გახდა, რისთვის ეწყობოდა ეს. შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები“.
სააკაშვილი ამბობს, რომ 7 ნოემბრის აქციას ტელევიზიით ადევნებდა თვალს და არანაირი ინსტრუქცია არ გაუცია
„მე ამას ვუყურებდი ტელევიზორით, მე არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია და ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს, 1 ადამიანი დაშავდა მძიმედ. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკების".
მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ საკუთარი ნებით გადადგა:
„ამის შემდეგ მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე. ეს გავაკეთე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან ".
მისივე მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შეაქო:
„პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია თებერვალში და მითხრა, „ყოჩაღ, რა მაგარი რაღაც გააკეთე“ – სადილზეც მიმიწვია და მითხრა, “ამიტომ გიჭერთ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას“.
7 ნოემბრის თემაზე საუბრის დასასრულს სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი უკვე გამოიტანა".


