მმართველი გუნდის რეაქცია სააკაშვილის ვრცელ მიმართვაზე
29/11/2021 14:06:38 პოლიტიკა
მმართველი გუნდის წევრები ეხმიანებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვრცელ მიმართვას, რომლითაც ის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამარტლო პროცესზე წარსდგა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სააკაშვილი არათანმიმდევრულია:
„სააკაშვილი ამბობდა, რომ სურდა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს, რაც არათანმიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ სასამართლო სხდომის დროს არანაირ პროვოკაციას არ მიმართავდნენ, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ მაღალი ალბათობით, ისინი როგორ არიგებდნენ თანხას მომიტინგეების მოსაყვანად. ასევე საზოგადოებამ იხილა, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს, როცა მოხდა ქუჩებში ხელოვნურად დაბლოკვა. ეს მაშინ, როცა პანდემიის პირობებში მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ და გადაადგილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობას აქვს სრული მხარდაჭერა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა აღკვეთოს პროპორციულად და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი. რაც შეეხება თავად შოუს, რისი მოწყობაც სურდა თავად სააკაშვილს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რაც პრემიერმა დაანონსა“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, „ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსოლუტურად აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა, რომელიც საერთოდ არ ნანობს არაფერს, რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია“:
"პირიქით, ყველას უმტკიცებს უკვე ყავლგასულად, რომ ის არის საქართველოს დამფუძნებელი მამა და 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს მან შექმნა ეს ქვეყანა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რომლის ლეგალიზებაც სურს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მისი სიტყვები, რომ უკრაინის მოქალაქეა და პროცესზე თარჯიმანით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ეს მის დამოკიდებულებას ზუსტად აჩვენებს ამ ქვეყნის, ხალხის მიმართ და რეჟიმის მსხვერპლის მიმართაც".
ირაკლი ზარქუას პროგნოზით კი, სააკაშვილი ვერასდროს გახდება ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა:
„ისინი ციხეში ღირსეულად ჩაჯდნენ - ნოლია შენი ფასი, როგორც პოლიტიკოსის!“.
მისი თქმით, “კიდევ ერთხელ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სააკაშვილს არაფერი აქვს ქართული“:
„ის უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პატივს არ სცემს არც საქართველოა ინტერესებს, არც სახელმწიფო საზღვრებს და არც საქართველოს პასპორტს. მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა - არ მოგენატრათ სიყვარული და განვითარებაო?! იქნებ მას სიყვარული და განვითარება თავისებურად ესმის - ქუჩებში ადამიანების ჩახოცვა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მოკვდინება. არა, ბატონო მიშა, ეს საქართველოს არ მოენატარა და ამაზე მეტყველებს, რომ მეცხრე არჩევნები პირწმინდად წააგე. საქართველოს მოსახლეობას არასდროს მოენატრება კაცების გაუპატიურება, ადამიანების ჩაცხრილვა, არასდროს მოენატრება მეგის ქარდავები და რომან შამათავები.
2012 წლის მთავარი დაპირება იყო, რომ ნომერი პირველი ჯალათი ციხეში უნდა ყოფილიყო, ეს ასეა - შენ ხარ ნომერი პირველი ჯალათი, რომელიც იმდენად ცინიკოსი ხარ, რომ ნაცვლად იმისა თქვა, რომ მოხდა ტრაგედია, დანაშაული და შეცდომები დაუშვი, გადაბრალებები დაიწყე. ცოტა ხანში, როცა სააკაშვილი ჩვენებების მიცემას დაიწყებს, პასტასა და ფურცელს ხელიდან ვერ გააგდებინებენ - მოგიწევს ბოლომდე სასჯელი ციხეში აღასრულო!“.
ხოლო შალვა პაპუაშვილის ხედვით, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას საქართველოს ალტერნატიული ისტორია უამბო:
„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და ეს იყო პიარი. ასევე 7 ნოემბერი იყო გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან დაცვა. ეს არის ალტერნატიული ისტორიის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ყვებოდა და ახლა ისევ აგრძელებენ ისტორიის ასე წარმოჩენას და მხარდაჭერების დაჯერებას. მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები თითქოს და რეფორმებს სჭირდებოდა, ეს არის ცინიკური მიდგომა – როცა ხეს ჭრი ნაფოტები ცვივა. სამწუხაროდ, როცა სინანული არ არსებობს, სწორედ ასე ნაფოტებად ხედავენ გირგვლიანს, დარბეულ ადამიანებს და იმ მსხვერპლებს, ვინც სააკაშვილის მსხვერპლნი არიან. სინანულის ორი აქტი არსებობს – ადამიანური, რომელიც მას არ აქვს და სამართლებრივი სინანული. როგორც ხედავთ, ის სამართლებრივად არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს. გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვთ და როგორც ჩანს, არც ადამიანურად, არც სამართლებრივად არ ინანიებს. 7 ნოემბრის საქმეში დემონსტრანტების დარბევის გარდა, არსებობს ტელევიზიის დარბევის და მისაკუთრების საქმე. ის კადრები კარგად გვახსოვს, როცა თითქოს, ეს იყო ბიზნესტრანზაქციები და სინამდვილეში გიორგი არველაძეს ერთ ლარად გასაღები გადასცა ტელევიზიის. ხომ არ იტყვის დამნაშავე ვარო და რაღაცეები უნდა გამოიგონოს. როცა ხდება კონტექსტის გარეშე რუსეთის მოშველიება, „ნაციონალური მოძრაობა“ აუბრალოებს ოკუპაციის სიმძიმეს და აწვრილმანებს ცალკეულ ადამიანებზე. რუსეთის მოყვანა არგუმენტად გაცვეთილია და არავინ უსმენს. რაც შეეხება მის განცხადებას სიყვარულზე და სითბოზე, გასაგებია, რომ ის იდილია არ დახვდა, რაც მის დროს მედიაში სუფევდა, რადგან მთელი მედია ერთი ხელით იმართებოდა და ვნახულობდით, როგორი მშვენიერი იყო ქვეყანა და როგორ ვითარდებოდა. ერთი ობიექტი რამდენჯერმე იხსნებოდა და გვაჯერებდნენ, რომ ეს იყო უნიკალური საწარმო. ციხესა და მის გარეთ ადამიანის უფლებების დარღვევა მიმდინარეობდა, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა. როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით სხვაობა იხილა“.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სასამართლოსთან რაც ვიხილეთ, ყველაფერი იყო, გარდა მშვიდობიანი აქციისა:
„იმის მცდელობის მიუხედავად, თითქოს დაპირისპირება ვიღაცის დროშის ფრიალს მოჰყვა, ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს და ყველაფერი უდავოა. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, ეს ყველაფერი აღეკვეთა. იყო გზის გადაკეტვის ხელოვნური მცდელობა, თითქოს, ეს ობიექტურად აუცილებელი იყო. ან როდესაც ვისმენთ, რომ პირობა ჰქონდათ დადებული გორში აქციის გამართვის თავშეკავებაზე, თორე, თბილისში გამართვაზე პირობა არ დაუდიათ, ნათელია, რომ ყველაფერ ამისგან თავშეკავების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ამის სურვილი. სურდათ, დესტრუქცია და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა იმ ბრალდების, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია“.


