"ჩემი მთავარი თხოვნა ვაშინგტონში არის, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა"
30/11/2021 06:28:05 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ვაშინგტონში მისი მთავარი თხოვნა არის, რომ "გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა".
"მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას საქართველოში, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში. ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი არის აქ, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა , განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში, რაც, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ", - განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.
სახალხო დამცველი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. როგორც ლომჯარია ამბობს, განხილვების ძირითადი თემა სასამართლო სისტემა, უფლებრივი მდგომარეობა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე იყო.


