საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო–ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
30/11/2021 07:27:15 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით დაესწრება ნატო–ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს იწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში და კოლეგა მინისტრებს სიტყვით მიმართავს.
ნატო–ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატოელი მოკავშირეები ალიანსის ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ ხედვებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და იმსჯელებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. რიგის მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ნატო–ში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსაც.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია რიგაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „ნატოს ხედვა 2030 წლის სტრატეგიასთან მიმართებაში”, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი გახსნიან.


