კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა
30/11/2021 08:22:44 პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.
კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.
მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილნი არიან: ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია.
ამასთან, კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ იმ სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები, რომლებიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში წარმართავენ ქალაქის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებებით:
- მერიის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ვალერი ჭიღლაძე.
- ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი აბუთიძე;
- ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება ვახტანგ ლომჯარიას;
- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილს;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს;
- იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ სერგო ბირკაძეს;
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გაუძღვება გელა ჩივიაშვილი;
- მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გთავაზობთ გიორგი პაპავას კანდიდატურას;
- საფინანსო საქალაქო სამსახურს კვლავ გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს;
- უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგენთ ნიკოლოზ ჭონქაძეს;
- მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს კახა გულედანი;
ყველა ამ კანდიდატურას, დასამტკიცებლად წარვუდგენთ თბილისის საკრებულოს და მე მჯერა ჩვენი გუნდი, საკრებულოს უმრავლესობა, ერთხმად დაუჭერს მხარს მათ დანიშვნას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ვინაიდან ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ნდობას.
აქვე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელმძღვანელების შესახებ, როგორიც არის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა, არქიტექტურა, და თბილისის განვითარების ფონდი. ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს თბილისის საკრებულო არ ამტკიცებს, თუმცა ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თბილისის განვითარებაში.
- თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს
- თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ლევან ჯღარკავას;
- ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება;
- არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი“, – განაცხადა კალაძემ.


