"თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი ისე, როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს"
30/11/2021 11:24:14 პოლიტიკა
"თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი ისე, როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ეს იქნება მათი კეთილი ნება და „პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის“.
„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს. 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5 %-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება, გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ალბათ, ამას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა, რომ ჩანაწერი მომდევნო არჩევნების შესახებ უნდა იქნას ამოღებული. ცალსახად თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება, ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება, თუმცა რიგგარეშე არ იქნება", - განაცხადა კობახიძემ.


