უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
01/12/2021 06:44:39 პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. კომიტეტმა წარდგენილ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს, მის წინააღმდეგ ლევან იოსელიანი წავიდა.
კომიტეტის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს თამარ ოქროპირიძეს, წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნინო სანოძესაც, თუმცა ლევან იოსელიანი და ფრიდონ ინჯია მის წინააღმდეგ წავიდნენ.
ასევე კომიტეტმა მხარი დაუჭირა თეა ძიმისტარაშვილს, მის წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი. კომიტეტი მხარდაჭერილ კანდიდატებს რეკომენდაციას გაუწევს და მათ პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე წარუდგინა. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირას მოუსმინა.


