"რიგაში დღევანდელი შეხვედრა მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტი იქნება შედეგიანი "ღია კარის" პოლიტიკის მიმართულებით"
01/12/2021 10:56:39 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რიგაში დღევანდელი შეხვედრა აძლევს საფუძველს, თქვას, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტი იქნება შედეგიანი "ღია კარის" პოლიტიკის მიმართულებით.
მისი თქმით, რიგის მინისტერიალში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობა არის კიდევ ერთი დასტური, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას, ასევე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბარს.
„სწორედ ამ კონტექსტში შევეხეთ უაღრესად მნიშვნელოვან თემებს დღევანდელი განხილვის დროს, რომელიც იყო უაღრესად შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული. მინდა, რამდენიმე მომენტი გამოვყო:
- საუბარი იყო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე და იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს და უკრაინას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.
- მნიშვნელოვანი მომენტი იყო საუბრები ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 2022 წელს გაიმართება მადრიდში.
ბუნებრივია, დღევანდელ მინისტერიალზე განვიხილეთ 2030 წლის ის განახლებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც დამტკიცებული იქნება მადრიდის სამიტზე. დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობდა იმაზე,რომ აუცილებელია საქართველოს და უკრაინის მიპატიჟება სამიტზე. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ჩართული ვართ ნატო-ს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში, მიანიშნებს, რომ ჩვენი მონაწილეობა უაღრესად აქტუალურია მომავალი წლის მადრიდის სამიტზე, ახალი სტრატეგია იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განგრძობადობის. ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, დღევანდელი საუბრები იყო ძალიან შედეგიანი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, მნიშვნელობას:
„პირველად მრავალი ბოლო წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ნატო-ს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ჩვენ გვაქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ამ დოკუმენტის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზეა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს, არის წარმატებით შესრულებული. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ წინადადებებზე, რომელიც წარვადგინეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების წინაშე, ჩვენი ხედვები, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან ნატო-ში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა იყოს გადადგმული როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე იმ შემხვედრ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რა მოლოდინებიც გვაქვს ნატოელი პარტნიორების მხრიდან. იყო უაღრესად პოზიტიური შეფასებები და ბუნებრივია, დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის მადრიდის სამიტი იქნება შედეგიანი, კერძოდ, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“.


