ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს
01/12/2021 11:06:57 პოლიტიკა
რიგაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა და მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველო ნატო–ს უახლოესი პარტნიორია და ხაზი გაესვა მის წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ნატოს ოპერაციებსა და მისიებში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართა, მონაწილეობდნენ ნატო–ს ასპირანტი ქვეყნების - საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის გააგრძელოს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.
"ნატო–ს სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ამ კონტექსტში ალიანსის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათი ინტეგრაციული მექანიზმების გაძლიერება და შემდგომი მხარდაჭერა.
რიგის მინისტერიალზე მიიღეს სპეციალური ანგარიში ასპირანტი ქვეყნების შესახებ, რომელშიც ასახულია ასპირანტების მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და გაწევრიანების გზაზე ალიანსის მხრიდან ასპირანტების დახმარების კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები.
რომ რიგის მინისტერიალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ნატოს 2022 წლის სამიტის წინ, რომელზეც ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დამტკიცდეს. სამინისტროს თანახმად, მინისტერიალის მოსამზადებელ პერიოდში ქართულმა მხარემ შეიმუშავა და ალიანსს გადასცა საკუთარი ხედვები ნატოში ინტეგრაციის გზაზე როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც მათ შორის, გულისხმობს რეფორმების განხორციელებას, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მედეგობის განმტკიცებას", – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


