თურნავა – Inter Rao-ზე: "ეს შემთხვევა მიგვანიშნებს, რამდენად მნიშვმნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა"
01/12/2021 15:28:03 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, Inter Rao-ს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიანიშნებს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80,5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები.
"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები", - აღნიშნა თურნავამ.
Inter Rao-სთან დავა 2017 წელს დაიწყო. კომპანია 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია თელასის 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურების ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. საქართველოს ხელისუფლება კი მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული.


