პაატა დავითაია: «რუსული ანექსიის საფრთხის წინაშე ერთიანობა გვმართებს»
02/12/2021 06:41:48 პოლიტიკა
რუსეთი ყოველთვის ეძებს ხელსაყრელ მომენტს, იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ფონი მას საშუალებას აძლევს, თავისი მიზნები განახორციელოს. სანამ საქართველოში პოლიტიკურ დაპირისპირებაში ვართ, ამით სარგებლობს ოკუპანტი.
ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ინალ არძინბა - ახალგაზრდა კაცი, კრემლის «რუხ კარდინალად» ცნობილი ვლადისლავ სურკოვის თანაშემწე, რომელსაც წლების განმავლობაში რუსეთში „ზრდიდნენ“. გარკვეულ პერიოდში იგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სურკოვის პატრონაჟით ყირიმის ანექსიაზე მუშაობდა და უკრაინას საერთაშორისო ძებნაშიც ჰყავს გამოცხადებული. რა მიზნით დაინიშნა ინალ არძინბა? რუსებს, ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთის მიერთების კუთხით პრობლემა აქვთ, არ გააჩნიათ ამ საკითხში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. შესაბამისად, მათ სჭირდებათ აფხაზეთში მმართველი პოლიტიკური კლანი, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთის ანექსიასა და მიერთებას რუსეთის ფედერაციისთვის. ანილ არძინბა კი არის პიროვნება, რომელიც პირადად უზრუნველყოფს ამ ამოცანის შესრულებას იმ სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რომელთა მომზადებაც მოხდა რუსეთის ფედერაციაში.
კრემლმა თავის დროზე დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდა წაიყვანა რუსეთში. მათ მიიღეს განათლება, ზოგმა დაიცვა სამეცნიერო ხარისხი, მუშაობს რუსულ სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო სათათბიროშიც. რუსები მათგან ზრდიან სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც სამომავლოდ აფხაზეთში მათ ინტერესებს გაატარებენ. ინალ არძინბა არის პირველი ამ ადამიანთა შორის, რომელიც მოახდენს რუსეთის ფედერაციის შორს მიმავალი გეგმების რეალიზებას. სწორედ ახლა ხდება პოლიტიკური კლასის მომზადება. ეს ხალხი იმუშავებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ დასარწმუნებლად იმაში, რომ აუცილებელია მიერთება რუსეთის ფედერაციასთან. რეალურად, ინალ არძინბას დანიშნვა პირველი ნაბიჯია გეგმისა, რომლის რეალიზებაც, კრემლის გათვლით, 2-3 წელიწადში უნდა დასრულდეს. საქართველო სადღეისოდ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია იმ პროცესების გამო, რომელიც ჩვენს სამეზობლოში -უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვითარება. აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი, რომელიც ახლახანს კვლავ განახლდა, ჩვენც პირდაპირ გვეხება და ჩვენთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. დღითიდღე მატულობს დაძაბულობა უკრაინასა და რუსეთს შორის. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის შესაძლოა განახლება კი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვისაც. დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონი გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის, რისთვისაც ის დიდი ხანია, ემზადება. საქართველოს და უკრაინის საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არსებობს რეალური საფრთხეები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. რუსეთი ამზადებს ანექსიას და ყველაფერს აკეთებს თავისი მიზნების აღსასრულებლად. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების პირადი წარმომადგენლების დანიშვნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც, კერძოდ, ოსურ ძალოვან სტრუქტურებში. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებას ჰმართებს, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოდის რუსეთისგან ჩვენთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ის სიტუაცია, რაც ახლა უკრაინა-რუსეთს შორისაა, ძალიან ჰგავს იმ ვითარებას, რაც იყო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. სხვათაშორის, ამის შესახებ განაცხადა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში სერგეი ლავროვმა, მათთვის მისაღები ინტერპრეტაციითა და კონტექსტით, რაც აძლიერებს საბრძოლო მოქმედებების დაწყების ალბათობას. ძალიან მნიშვნელოვანია, გაერთიანდეს ქართული პოლიტიკური სპექტრიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, საზოგადოება ერთიან პოზიციაზე იყოს რუსეთის მხრიან მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, რადგან ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ რუსეთმა გამოიყენოს ეს მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იურდიულად მიიერთოს.
პაატა დავითაია - პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე


