ზალკალიანი ბლინკენს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
02/12/2021 08:42:20 პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მადლობას უხდის ქალაქ რიგაში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.
„მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ხაზი გაესვა საქართველოს საკითხს მაღალი დონის დღის წესრიგში და ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებაში კონტექსტში, მათ შორის ავღანეთში განვითარებული მოვლენების დროს. მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ნატო–ს ორდღიანი მინისტერიალი გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ნატოს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება. ნატო–ს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის გააგრძელოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.


