Accentnews.ge
სააკაშვილი: "სუს-ის შენობაში დისკოთეკა უნდა გაიხსნას"

სააკაშვილი: "სუს-ის შენობაში დისკოთეკა უნდა გაიხსნას"

02/12/2021 10:26:32 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს და მის შენობაში დისკოთეკა უნდა გაიხსნას.

"მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვნილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი. ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S