„დასავლეთში თანდათან ხვდებიან, რომ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას წარმატებული ინტეგრაცია საბოლოოდ რუსეთს დაეხმარება გარდაქმნაში“

02-12-2021 14:39:57 ევროპა ,საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი და ევროპარლამენტარის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში რამუნას სტანიოსისი გამოთქვამენ რწმენას, რომ 2030 წლამდე „ასოცირებულ ტრიოს“ შეუძლია, მიაღწიოს ნამდვილ წინსვლას ევროინტეგრაციის მხრივ, მაგრამ ამ მიზნით, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ევროკავშირის მხარემ წინ გადადგას ნაბიჯები ახალი იდეებით, რათა დააჩქაროს ეს პროცესი. ამის შესახებ საუბარია მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში „აღმოსავლეთ პარტნიორობა „უდასავლეთობის მიღმა“: ევროინტეგრაციის ახალი იმპულსი“, რომელსაც GIP (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი) აქვეყნებს.

როგორც კუბილიუსი და სტანიოსისი აღნიშნავენ, ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ევროკავშირი სწრაფად კარგავს გეოპოლიტიკურ უპირატესობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში:

„ევროკავშირი კარგავს უპირატესობას და არ გააჩნია ბევრი პოლიტიკური სტიმული, მხარი დაუჭიროს რეფორმებს ასოცირებული ტრიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ერთი მხრივ, ამ ტიპის უდასავლეთობა აჭიანურებს ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიერ რეფორმების გატარებას და ევროკავშირთან დაახლოებისგან აშორებს მათ. ამის ნაცვლად, ორივე მხარეს ურჩევნია აირჩიოს ჩვეულებრივი საქმიანი რეჟიმის პოლიტიკა და ერთმანეთს ცარიელი რიტორიკით ესაუბრონ. თუმცა, დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროკავშირს ყველაზე მეტად შესწევს უნარი შემოატრიალოს ეს მდგომარეობა და აღმოსავლეთ სამეზობლოში გეოპოლიტიკა დააბრუნოს“.

დოკუმენტის ავტორების ხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მინიმუმ, მათგან ყველაზე ამბიციურების – უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ამოცანაა, რადგანაც ეს უშუალოდ შეეხება არამხოლოდ ამ ქვეყნებს, არამედ მთელი ევროკავშირის პოლიტიკას ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილის, მათ შორის, რუსეთის, მიმართაც.

ისინი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მიერ დაარსებული „ასოცირებული ტრიოს“ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებს აქვთ უფრო ამბიციური ინტეგრაციის დღის წესრიგი და ეს ევროკავშირისგან სათანადო რეაქციას მოითხოვს.

მათი ხედვით, „ასოცირებული ტრიოს“ წარმატებების დაგროვება დამოკიდებულია არა მხოლოდ ამ ქვეყნების შესაძლებლობაზე გარდაქმნან და შეცვალონ საკუთარი თავი, არამედ ევროკავშირის შესაძლებლობაზე, მათ მიმართ გაატაროს ამბიციური ინტეგრაციული პოლიტიკა:

„ევროპული ინტეგრაციისთვის აუცილებელია რეფორმები, ხოლო რეფორმებისთვის აუცილებელია ინტეგრაციის მკაფიო მიზანი და რწმენა, რომ ინტეგრაციის მიზნის მიღწევა შესაძლებელია. [...]ინტეგრაციის შესაძლებლობის რწმენა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინტეგრაციის მსურველზე, ან მათ მზაობასა და საკუთარი თავის გარდაქმნის შესაძლებლობაზე, არამედ მასზეც, ვისთანაც ინტეგრაციასაც ცდილობენ (ევროკავშირზეც) და მათ (ევროკავშირისვე) მზაობაზე, მოახდინონ ვინმეს ინტეგრირება. თუ ევროკავშირი გამუდმებით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ არავის ინტეგრაციის სურვილი არ აქვს არც ახლა და არც მომავალში, მაშინ ის, ვისაც ოდესღაც ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაცია სურდა, საბოლოოდ დაკარგავს რწმენას, რომ ოდესმე ამგვარი ინტეგრაცია შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ გაქრება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების მოტივაციაც“.

კუბილიუსი და სტანიოსისი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოკვეთილი ინტეგრაციის პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში წარმატებული რეფორმების წინაპირობაა, თუმცა მწუხარებით მიუთითებენ იმაზეც, რომ ათზე მეტი წლის შემდეგაც კი, რაც ევროკავშირმა წამოიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელიც იმ დროს იმედისმომცემი ჩანდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანი რჩება. უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებების ხელმოწერამ ამ ქვეყნების წინსვლას კარგი ბიძგი მისცა, მაგრამ მთელი წინა ათწლეულის განმავლობაში ინტეგრაციის გაღრმავების და წევრობის პერსპექტივების მხრივ გაურკვევლობა ოდნავადაც არ შემცირებულა და ზრდად იმედგაცრუებას იწვევს:

„ამ ქვეყნების ზოგიერთი მინისტრი ხმამაღლა აცხადებს, რომ მათ აღარ სურთ „დახურულ კარზე“ კაკუნი და შესაბამისად, მხოლოდ უმტკივნეულო რეფორმებს გაატარებენ, რადგან ყველაზე მტკივნეული რეფორმების გატარების შემთხვევაშიც კი, დახურული კარი მაინც არ გაიღება“.

ევროპარლამენტარი და მრჩეველი საუბრობენ ორი მსგავსი რეგიონის – დასავლეთ ბალკანეთის და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ევროკავშირის განსხვავებულ და ამავდროულად, „ძნელად ასახსნელ და დიფერენცირებულ ინტეგრაციის პოლიტიკის“ წარმოებაზე. კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის შემთხვევაში, ევროკავშირი თამამად აცხადებს, რომ საჭიროა ამ ქვეყნების გაცილებით სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში მათთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივის შენარჩუნების გზით. ხოლო ამგვარ პოზიციას ამართლებენ „სწორი გეოპოლიტიკური არგუმენტით, რომ თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს სრულ ინტეგრაციას არ შესთავაზებს, რუსეთის, ჩინეთის ან თურქეთის ძალისხმევით ამ ქვეყნებში მოხდება სიტუაციის ძალიან სწრაფი დესტაბილიზაცია“:

„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში არსებული სიტუაციის დესტაბილიზება რუსეთის ძალისხმევით კიდევ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ევროკავშირის ლიდერები არ რისკავენ იმავე სიტყვების გამეორებას, რასაც ამბობენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შესახებ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები კვლავ რჩებიან მკაფიო ინტეგრაციის ნაბიჯების გარეშე, რომ არაფერი ვთქვათ წევრობის პერსპექტივებზე“.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნეენ, რომ ევროკავშირის რიტორიკის და პოლიტიკის ასეთი სხვადასხვაობა აღმოსავლეთ პარტნიორებს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების დამატებით გამოწვევებს უქმნის, რადგანაც ამის გამო კრემლში ვიღაცას იმის შთაბეჭდილება ექმნება, რომ ევროკავშირი თითქოს ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებს ამ ქვეყნების მიმართ, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის შემთხვევაში.

კუბილიუსი და სტანიოსისის ხედვით, ცხადია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციის ევროკავშირისეულ სტრატეგიებში არსებული ეს განსხვავება არ არის გამოწვეული ინტეგრაციის მზაობის კუთხით ამ რეგიონების განსხვავებულ დონის გამო და მას შეიძლება, იწვევდეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქში მომძლავრებული გეოპოლიტიკური დამოკიდებულებები, როგორიცაა „მოდი, კრემლს ნუ გავაღიზიანებთ“. თუმცა, მათი დაკვირვებით, ამ სიტუაციაზე კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქში არსებული სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის, რაც დაკავშირებულია ინსტიტუციურ სტრუქტურასთან და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმთან, რომელიც ჯერ კიდევ სრულად არ გარდაქმნილა კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრის სისტემად და ევროკავშირის 27 წევრ-სახელმწიფოშიც კი ქმნის არაერთ პროცედურულ პრობლემას.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქტურა და მისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები იმსახურებს განხილვას ევროპის მომავლის კონფერენციაზე, რადგან ამ ცვლილებების გარეშე, გაფართოების შემდეგი ტალღის რეალიზება ძალიან პრობლემატური იქნება.

ამასთან, მათი ხედვით, კრემლის ბოლოდროინდელი აგრესიული პოლიტიკა, როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც, დასავლეთს ხელს უწყობს ხელახლა გაიაზროს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ და დასავლეთში თანდათან ხვდებიან, რომ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას წარმატებული ინტეგრაცია საბოლოოდ რუსეთს საკუთარი თავის გარდაქმნაში დაეხმარება:

„აქედან გამომდინარე, „ასოცირებული ტრიოს“ ევროინტეგრაციისადმი კრემლის წინააღმდეგობა დასავლეთში ნელ-ნელა კარგავს გავლენას. თუმცა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმირებამდე გაფართოების და წევრების რაოდენობის გაზრდის სურვილის არქონა ევროკავშირის ზოგიერთ გავლენიან დედაქალაქში მწვავე და თემატურ არგუმენტად რჩება. რადგანაც ევროკავშირის ხელშეკრულებებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმში წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება აქვთ გარანტირებული, რთულია იმის მოლოდინი, რომ კვალიფიციური უმრავლესობის მექანიზმზე გადასვლა უახლოეს მომავალში მარტივად მოხდება, თუკი ეს საკითხი სათანადოდ არ იქნება დამუშავებული ევროპის მომავლის კონფერენციის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ინტეგრაციის პროცესში ზოგიერთი საკვანძო პირობაში ცვლილების შეტანის გარეშე, ევროკავშირის წევრობაზე „ასოცირებული ტრიოს“ მხრიდან მკაფიოდ განსაზღვრული პერსპექტივის მოთხოვა ევროკავშირის ინსტიტუტებისგან შეიძლება, კვლავ უპასუხოდ დარჩეს. ეს კი „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებში ამძაფრებს იმედგაცრუებას და უკარგავს მათ რეფორმების გატარების მოტივაციას, ხოლო ევროკავშირს წარმოაჩენს უდასავლეთობის მაგალითად, რომელსაც არ შეუძლია, ახსნას, თუ რატომ აგრძელებს ევროინტეგრაციის ორ განსხვავებულ პოლიტიკას დასავლეთ ბალკანეთის და „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების მიმართ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები