"ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება"
02/12/2021 11:53:55 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას პოზიტიურ ფაქტს უწოდებს.
„ვფიქრობ, პოზიტიური ფაქტია, რომ ბატონმა სააკაშვილმა მეორედ შეძლო საკუთარ სასამართლო მოსმენაზე პირადად დასწრება. პოლიციამ კარგი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ მას პროცესზე მისვლა უსაფრთხოდ შეძლებოდა, მედიას კი პროცესის გაშუქების საშუალება, საზოგადოებას კი მასზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა", - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი.
„ვფიქრობ, ხორციელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც მე მანამდე აღვნიშნე, მისმა მხარდამჭერებმა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა მშვიდობიანად განახორციელონ. ასევე მნიშვნელოვანია, სამართლიანი სასამართლო პროცესისთვის, რომ ეს სასამართლო დარბაზშიც დაცული იყოს. პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ძალისხმევის გამოჩენა", – აღნიშნა ელჩმა.


