ირაკლი კობახიძე: "სააკაშვილის განცხადებებიდან გავიგეთ, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა"
02/12/2021 13:47:35 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის საკუთარი დანაშაულების თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე გადაბრალება.
კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელიც ეკუთვნის.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება და გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულების, რომლებიც რეალურად მას აქვს ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხარჯების დიდი ნაწილი, რომელსაც მას ედავებიან, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის მის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს ეკუთვნის.
"სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია. ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით… სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის სანდრა შეტანილი?”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე.


