"საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული საბრძოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი"
02/12/2021 17:58:11 პოლიტიკა
სტოკჰოლმში მიმდინარე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული საბრძოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. მისი თქმით, ამ ქმედებებით რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაზე. მისი თქმით, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს და აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის კედლების აღმართვას, კილომეტრიანი მავთულხლართებითა და ღობეებით საქართველოს გულში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების" ხელმოწერა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის, მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნა. მინისტრმა წუხილი გამოხატა, რომ უკვე 13 წელია, საქართველო აწყდება რუსეთის დესტრუქციულ დამოკიდებულებას მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ, რუსეთის მიერ წმინდა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებით და პროცესის ჩიხში შეყვანით.
მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაზე. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოხუმში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხზე, რომელიც სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს. მან ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შემდეგ, გენადი ბესტაევის საქართველოს ხელისუფლებისთვის მცირე ხნის წინ გადმოცემის თაობაზე.
ზალკალიანმა გაიხსენა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ ქართველი დევნილების სასტიკი მკვლელობის შემთხვევები და აღნიშნა, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენნი კვლავაც დაუსჯელნი არიან. მან ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. მინისტრის განცხადებით, მისი საერთაშორისო მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების აღკვეთას.


