ენმ-სა და “საქართველოსთვის” წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
03/12/2021 08:57:01 პოლიტიკა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს მე-7 მოწვევის პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დღევანდელ სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, ენმ-ს წევრებმა ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ დეპუტატს ნუგზარ ფუტკარაძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შემდეგ კი ოთახი დატოვეს.
სოფო ჯაფარიძის თქმით, მათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ "დემოკრატიის ფასადი" შექმნან და სხდომაში მონაწილეობა მიიღონ:
"ჩვენ წინასაარჩევნოდ ვუყურებდით ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, როგორ იყენებდა ხელისუფლება როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ფინანსურ რესურსს, უკვე არჩევნების დღეს ვუყურებდით კარუსელებს, ფულის დარიგებას და იმას, როგორ ეხმარებოდნენ სუს-ის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციამ შეძლო და მოიგო გარკვეული მუნიციპალიტეტები, მათ შორის ბათუმის საკრებულო. აქ დაიწყო უკვე შემდგომი ზეწოლა, ძალადობა, მოსყიდვის მცდელობები დეპუტატების მიმართ, მათ შორის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ. მისმა გულმა ამ ყველაფრს ვერ გაუძლო. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს არ გვაქვს იმის მორალური უფლება, დავესწროთ დღევანდელ სხდომას და შეგიქმნათ დემოკრატიის ფასადი, თითქოს არაფერი ხდება და ყველაფერი კარგადაა. აქედან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ სხდომას ტოვებს".
"ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხდომა დატოვეს ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრებმაც.
დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომას მართავენ.


