"საელჩოებმა 2012 წლამდე გადაცემული 117 ექსპონანტიდან 53 დაკარგეს, ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ გამოძიება დაიწყება"
03/12/2021 10:15:13 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ გამოძიება დაიწყება.
„მე ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა „საბჭოთა კავშირმა“ არ გაამართლა, არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ ამ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორც არის სპორტის მუზეუმი, როგორიც არის საქართველოში ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. [...] ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა შემოწმება და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ რეკომენდაციებით, რათა გავაუმჯობესოთ და დავნერგოთ კარგი მმართველობა ეროვნულ მუზეუმში. ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება. [...] იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება“, - განაცხადა წულუკიანმა.


