პასუხი პუტინს: "დასავლეთი შანტაჟის ქვეშ არ ექცევა"

03-12-2021 20:18:45 ინტერვიუ

უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის განსაკუთრებული მობილიზებისა და რიგაში ნატო–ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფონზე კრემლის ლიდერმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან აღმოსავლეთით არგაფართოების ამჯერად უკვე იურიდიული გარანტიები მოითხოვა. მეორე დღეს, უკვე ეუთო–ს მინისტერიალზე იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა. მეტიც, ლავროვმა განაცხადა, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში "ნაღმია ევროპის უსაფრთხოების საძირკველში, რომელიც ერთხელ - 2008 წელს საქართველოში უკვე აფეთქდა" და რომ ვინც ამ გადაწყვეტილებას იმეორებს, „ცეცხლს ეთამაშება“. საპასუხოდ დასავლეთიდან რუსეთს შეუსრულებელი ვალდებულებები შეახსენეს. თუმცა ჯერ კიდევ პროცესშია მსჯელობა დოკუმენტზე, რომელმაც ნატო–ს მომავალი 10 წლის სტრატეგია უნდა განსაზღვროს.

აღარავინ დავობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით შავ ზღვაში სამხედრო ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა, რაც ნატო–ს შეშფოთებას იწვევს. ამასთან, ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება კრემლის გავლენა უშუალოდ კავკასიის რეგიონში. ამ ფონზე საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს რეგიონის მიმართ ცივილიზებული სამყაროს ინტერესი და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნის სრულფასოვანი ჩართულობა, საქართველოს ფუნქციური როლის გამოკვეთა.

არც ისაა საიდუმლო, რომ დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ კონსოლიდაცია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და არც ნატო–ს გაფართოებას ხვდებიან დიდი სულისკვეთებით. ამას თან ერთვის პერმანენტული პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ბოლო ორი წელია, საქართველოში ყველა სხვა აქტუალური თემა თითქოს შთანთქა.

წესით, კრემლმა ალიანსისგან არგაფართოების გარანტიები ოფიციალურად ვერ უნდა მიიღოს, რადგან ეს ერთის მხრივ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ანულირება იქნებოდა, ხოლო მეორეს მხრივ - ალიანსის იმ ფუძემდებლური პრინციპისა, რომ არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტო–ს უფლება. მაგრამ ზოგიერთები შიშობენ, დასავლეთის არაერთსულოვნების ფაქტორის გათვალისწინებით, დასავლეთმა აგრესიული რუსეთის დასაშოშმინებლად მოსკოვს მსგავსი გარანტიები არაფორმალურად მისცეს.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, მე–10 მოწვევის პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ პუტინი მსგავს გარანტიებს ვერ მიიღებს. კრემლის ლიდერის განცხადებები, მისი ხედვით, ნატო–ს წევრი სახელმწიფოების დაშანტაჟების ფუჭი მცდელობაა, რადგან იმას, რომ ალიანსი მსგავსი შანტაჟის ქვეშ არ ექცევა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ადასტურებს, თავად ღია კარის პოლიტიკას კი - 2020 წლის გადაწყვეტილება გაფართოების თაობაზე:

„პუტინი არ ითხოვს ფორმალურ გარანტიებს. ის, რომ ნატო-ს გაფართოება საფრთხის შემცველადაა მიჩნეული, განსაკუთრებით - სამეზობლოში, დიდი ხანია, უწერიათ უსაფრთხოების კონცეფციაში. ისიც ფაქტია, რომ რუსეთი უფრო აგრესიულია. 2008 წლის აგვისტოს ომიც საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტებით მიჩნეულია რუსეთის მცდელობად, ნატო–სკენ საქართველოს წინსვლა შეაჩეროს. ეს განცხადებები არის ძალის დემონსტრირება, ნატო–ზე ზეწოლა, რომ მას ჰქონდეს აღქმა, რამდენად სერიოზული შეიძლება, იყოს რუსეთი. მაგრამ ერთია, რა სურს რუსეთს, მეორე – როგორ რეაგირებს დასავლეთი: ნატო–ს გენმდივანი და წევრი სახელმწიფოები ამბობენ, რომ ვეტოს შესაძლებლობა არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს. ასე, რომ დასავლეთი შანტაჟის ქვეშ არ ექცევა“.

ამასთანავე, აქუბარდიას ხედვით, ერთია გეოპოლიტიკური მოცემულობა, მეორე - რას აკეთებს თავად საქართველო, მაგალითად, იგივე რეფორმების კუთხით, რა მიმართულებითაც თბილისი სულ უფრო მეტ კრიტიკას იღებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყანაში პოლიტიკური „ხანძრების“ ჩაქრობისთვის უწევთ ძალისხმევის გაწევა:

„ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, რომ წუხილები მოგვეხსნა და გვემუშავა დედაქალაქებში, მათ შორის – ნატო–ს გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან, დაგვერწმუნებინა ისინი, რას მისცემდა ნატო–ს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება. სამწუხაროდ, დღეს მთელი დასავლეთი შეწუხებულია საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარებით და ეს არანაირად არ ეხმარება საქართველოს წევრობას. პირიქით, ეს ეხმარება რუსეთს მის არგუმენტებში, შეაჩეროს საქართველოს წინსვლა და შემდეგ ეს დასავლეთის გადაწყვეტილებად შემოგვთავაზოს. ჩვენ უნდა შევასრულოთ საშინაო დავალება და არ დავტოვოთ საფუძველი, თქვან, რომ საქართველო არ არის მზად. მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგოდ ვიქცევით“.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ პუტინს მართლაც ჰქონდეს იმედი, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი გარანტიები მიიღოს, თუმცა ამჯერად იგი აღნიშნულს ომის დაწყების საბაბად განიხილავს, რომელიც კრემლს, ლოგიკით, ყირიმთან სახმელეთო გზით დასაკავშირებლად სურს:

„იურიდიულ გარანტიებს რომ ვერ და არ მისცემენ, ეს [კრემლმა - რედ.] თავადაც იცის. სხვა თუ არაფერი, ყველა წევრის თანხმობა ამ საკითხს არ ექნება. ამდენად, მგონია, რომ კრემლს სურს, ეს თემა საბაბად გამოიყენოს აგრესიისთვის. სამწუხაროდ, ომის დაწყება უკვე აღარაა გამორიცხული, შემდეგ კი მოსკოვი იტყვის, "ნატო–მ გარანტიები არ მომცაო". რეალურად, ყველა ხვდება, რომ რუსეთს ვეტო აქვს და იყენებს კიდეც: ჩვენთან რამდენიმე კილომეტრში რუსული ბაზა რომ დგას, ეს ვეტოა – ესაა ინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი და არა ის, როგორც ზოგიერთს სურს, წარმოაჩინოს, რომ საქართველოში აღლუმი კარგად არ ჩატარდა“.

შარაშენიძის ხედვით, მდგომარეობას ის გარემოებებიც ართულებს, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ვერ იმუშავა და შედეგად კრემლი გათამამდა - ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ყირიმის ანექსიის შემდეგ იყო; რომ დასავლეთის ქვეყნებს კონსოლიდირება უჭირთ; რომ განსხვავებით 1980–იანი წლებისგან, დასავლეთი ერთი–ერთზე აღარაა რუსეთთან, კერძოდ, მოსკოვი დასავლეთის დაბალანსებას ჩინეთთან ვაჭრობით განიხილავს და განსხვავებით ირანისგან, რომელმაც გაერო–ს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების შედეგად მნიშვნელოვნად იზარალა, რუსეთს ორგანიზაციაში ვეტო–ს უფლება აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანალიტიკოსს უჭირს იმის პროგნოზირება, რა იქნება კრემლისადმი ეფექტური პასუხი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები