ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს
06/12/2021 09:09:54 პოლიტიკა
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავს. ისინი საკრებულოებში შექმნილ კრიზისს აპროტესტებენ. საკრებულო თავმჯდომარეს ამ დრომდე ვერ ირჩევს.
როგორც პარტიის წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა":
"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ქართული ოცნების ქმედებებს ზუგდიდში. დღეს რომ ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისია, ვერ ირჩევა საკრებულოს თამვჯდომარე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სრულყოფილად თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ზუგდიდის მერი, რაც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარესობისკენ, ეს არის "ქართული ოცნების" დამსახურება. "ოცნებამ" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან ერთად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და ამით დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, რომელიც აუცილებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის", - თქვა წითლიძემ.
ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" 22 დეპუტატი ჰყავს, "ქართულ ოცნებას" - 20, ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას – 3.
წინა კვირაში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის წევრებმა დატოვეს.


