ფინანსთა მინისტრი - ისტორიის წიგნზე: "გაურკვეველია აჟიოტაჟი, ვერანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე"
06/12/2021 09:27:22 პოლიტიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხიციშვილს პრობლემურად არ მიაჩნია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში მოცემული ზოგიერთი ჩანაწერი, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი თქმით, წიგნში მხოლოდ ფაქტებია მოყვანილი, შეფასებების გარეშე.
"წიგნთან დაკავშირებით მე რა ინფორმაციაც მივიღე ამ დღეების განმავლობაში და რაც წავიკითხე, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები. თქვენ ახსენეთ ქება- დიდება და იქ მე ვნახე უბრალოდ ბიოგრაფები ადამიანების, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები წლების განმავლობაში და შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და ვერანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე",– განაცხადა მინისტრმა.
5 დეკემბერს "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც მისი თქმით, "ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადიდებენ".


