"უნდა ვისწრაფოდეთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არ იყვნენ"
06/12/2021 10:00:25 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კერძო სექტორი სწრაფად ვითარდება, იქ შემოსავლები იზრდება და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები სერიოზულად უსწრებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მომავალი წლიდან უკვე სისტემურად იწყება საკითხის მოწესრიგება.
„მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე თუ ვისაუბრებთ, ვიტყოდი, რომ ეს არის ორი მსხვილი მიმართულება. ერთია განვითარება და ბიზნესის განვითარების პროგრამებით არის წარმოდგენილი, მეორე არის სიღარიბის დაძლევა, რაც ჩაშლილია სხვადასხვა პროგრამით და ხელფასის, პენსიის მოწესრიგებით, მომატებით. [...] რაც შეეხება ზოგადად საჯარო მოხელეებს, სპეციალისტებს, ვინც დასაქმებულია ჩვენს საჯარო სამსახურებში, აქაც საკმაოდ დიდი პრობლემა იქმნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, კერძო სექტორი სწრაფად ვითარდება, იქ შემოსავლები იზრდება და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები სერიოზულად უსწრებს თავისი მოცულობით, თავისი დინამიკით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს. ეს ბევრ პრობლემას იწვევს, ბევრი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მათ შორის კვალიფიციური კადრების გადინება. რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება, ადრე თუ გვიან დავდგებოდით იმ პრობლემის წინაშე, რომ ჩვენი საქმიანობის ხარისხი და ეფექტურობა დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რომ არ მოხდეს, მომავალი წლიდან უკვე სისტემურად იწყება მოწესრიგება, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე მიებმება და დაუკავშირდება კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების დინამიკას. ანუ აქ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იქითკენ, რომ ჩვენს საჯარო სექტორში დასაქმებული სპეციალისტები არ იყვნენ უფრო დისკრიმინირებულ და ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში, რადგან ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილების ეფექტურობა მათ მხრებზე დგას“, – განაცხადა თურნავამ.


