ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი: "რასმუსენის ინიციატივას მხარს არ ვუჭერ"
06/12/2021 15:13:04 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს ალიანსის ყოფილი გენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივას, რომლის თანახმად, ნატო–ს წესდების კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ მან „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.
"ჩემი პასუხი რასმუსენის ინიციატივაზე არის აშკარად არა. გულწრფელად, რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ ეს ძალიან სასარგებლო იქნება არსებულ ვითარებაში. ნატო მხარს უჭერს და მხარს უჭერდა მთავარ მესიჯს რომელსაც ვუგზავნით არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ მოწინაარმდეგეებსაც – ჩვენ ძალიან ნათლად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვისურვებდით, ვიხილოთ პროგრესი გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში. ერთი კვირის წინ იყო ეუთო–ს მინისტერიალი. კარგი შეხვედრა გაიმართა გენმდივნის მოადგილეს და მინისტრ ზალკალიანს და მის მოადგილე დარსალიას შორის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა პროგრესი ჟენევის ფორმატის ფარგლებში", – განაცხადა კოლომინამ.
ცნობისთვის: რასმუსენის ინიციატივა გულისხმობს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას დათქმით, რომ პირველ ეტაპზე ნატო–ს წესდების კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.
იხილეთ ასევე: რა სიახლე მოჰყვა რასმუსენის მიერ გაჟღერებულ იდეას


