"რა უნდა გაკეთდეს ახლა" – როგორ ხედავს ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას

06-12-2021 19:45:13 პოლიტიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ნატო–საქართველოს თანამშრომლობის იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებზეც მისი თქმით, ამჟამად უნდა გამახვილდეს ყურადღება. ამის შესახებ მან „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

"ვისაუბრებ იმაზე, რას ვფიქრობთ ჩვენ და პირადად მე, რა უნდა გაკეთდეს ახლა. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს, რამდენადაც ეს ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს თანამშრომლობაზე, სტრატეგიულ მიზნებზე – ესენია: რეფორმების განხორციელება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, ნატო–სთან თავსებადობა, საქართველოს მედეგობის გაზრდა და სიტუატიური ცნობიერების ამაღლება. პირველი, ეს არის პრაქტიკული თანამშრომლობა რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, მეორე არის ის, რომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რამდენად ეფექტურად ახორციელებს საქართველო რეფორმებს, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა. ჩვენი მესიჯი საქართველოს ხელისფულებას უკვე გადავეცით, რომ პოლარიზებული შიდა სიტუაცია ზოგჯერ არ ეხმარება იმას, რომ გაუგზავნოს შესაფერისი მესიჯები რეფორმებს, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულება".

გარდა ამისა, კოლომინამ ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი ამ ოლიტიკის ერთგული რჩება, თუმცა "უნდა გვესმოდეს ამჟამად რა ვითარებაა":

"ჩვენ ვაძლიერებთ იმ ურთიერთობებს, რომელიც გვაქვს ასპირანტ ქვეყნებთან. რიგის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა არის იმის დემონსტრირება, რომ ალიანსის სურვილია, რომ არსებული ურთიერთობების მიღმა წავიდეთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან რთულია გვქონდეს გარღვევა "ღია კარის" პოლიტიკაში. ერთგული ვრჩებით "ღია კარის" პოლიტიკის, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს ამჟამად რა ვითარებაა, რამდენად აცილებულია ზოგჯერ რეალობა და გეოპოლიტიკური ვითარება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები