"საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმაზე, მედიათავისუფლებასა და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით"

06-12-2021 22:17:47 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ მოკავშირეები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ მან „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, "საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმაზე, მედიათავისუფლებასა და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით".

„ნატო არის სამხედრო–პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებს. ვაშინგტონის შეთანხმების პრეამბულა დემოკრატიისა და კანონის უზენასობის დაცვას გულისხმობს. ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა მიმართულია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ, განსაკუთრებით ყოფილი "ვარშავის პაქტის" ქვეყნებში და ბოლო 20 წლის განმავლობაში ნატო-ს წევრობის პერსპექტივა გამოყენებული იყო რეფორმების დაჩქარებისთვის, რასაც ამ ქვეყნებისგან ვითხოვდით. ეს იყო ძალიან პოზიტიური დამაჩქარებელი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნატო-ს წევრობა სურდათ. ამან დიდი წვლილი შეიტანა ევროპის სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის, საქართველოს მიერ წარსულში გატარებულ რეფორმებს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია "წლიური ეროვნული პროგრამა", რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ ელემენტს. ჩვენ ძალიან ღია ვართ მეგობრებთან ურთიერთობებში და ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ბოლო ექვს თვეში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილებები, მაგალითად, ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, იყო აღქმული შეშფოთებით. ასევე, საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმაზე, მედიათავისუფლებასა და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესები ზოგადად რთულია ყველა პარტნიორისთვის. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს შეუძლია, ხელი შეუშალოს მთავრობას საჭირო რეფორმების გატარებაში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას და როგორც შეგვიძლია, მხარს ვუჭერთ ქვეყნის ძალისხმევას. სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ ახლო ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. მე ვნახე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გასულ კვირას და ამ საკითხებზე ვესაუბრე. ჩვენ არ ვმალავთ არაფერს ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. პირიქით, ღიად ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მიაღწევს ისეთ პროგრესს, როგორიც ჩვენ გვსურს, ვიხილოთ. ეს ფუნდამენტური საკითხია. ეს „ნატო 2030“-ის ფუნდამენტური საკითხია, ეს იქნება ახალი სტრატეგიული კონცეფციის ფუნდამენტური საკითხი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები