რა რეკომენდაციებით მიმართავს ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას

06-12-2021 23:02:39 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ მან „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

რეკომენდაციების ჩამოთვლამდე კოლომინამ მადლიერება გამოხატა ქართული საზოგადოების მიმართ ალიანსში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერის გამო.

"პირველ რიგში, მივესალმები, იმ ფაქტს, რომ ნატო–ში გაწევრიანებას ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს, ეს დაახლოებით 70%–ია. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იღებ ასეთ მხარდაჭერას. მე როდესაც თბილისში ვიყავი, მქონდა შეხვედრა პარლამენტში, როგორც სამთავრობო, ისე სხვადსხვა პარტიის წარმომადგენლებთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ეს შეხვედრაც იყო პოლარიზებული, მაგრამ ყველა ერთსულოვანი იყო ნატო–სა და ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერაში. მიმაჩნია, რომ ნატო შესაძლოა, იყოს ერთ–ერთი ელემენტი, რომელსაც შეუძლია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა კონსტრუქციული გახადოს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, საჯარო კომუნიკაციებში ჩვენ ყოველთვის უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რამდენად სასარგებლო არის ნატო–საქართევლოს თანამშრომლობა. ქვეყნის საბოლოო მიზანი ალიანსის წევრობაა. ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი. ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ იმ ბევრი სარგებლის შესახებ, რაც უკვე აქვს ამ თანამშრომლობას, რაც უკვე მოუტანა საქართველოს საზოგადოებას ამ თანამშრომლობამ. ეს არის პირველი ელემენტი.

მეორე ელემენტი არის იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, სასარგებლო იქნებოდა, რომ საზოგადოება იყოს უფრო ინფორმირებული. როდესაც კარგად ინფორმირებული ხარ, ნაკლებად მოწყვლადი ხარ დეზინფორმაციისთვის. ჩვენ ვიცით იმ ძალისხმევის შესახებ, რაც უკავშირდება რუსეთიდან მომავალ დეზინფორმაციას", – განაცხადა კოლომინამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა ნატო–ს წევრობის მხარდამჭერთა გაზრდისთვის რიგ ჯგუფებში, მაგალითად, უმცირესობებში, რომლებიც ქართულ ენაზე არ საუბრობენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები