„ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქცია სააკაშვილის შეთავაზებაზე
07/12/2021 12:41:07 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ. საუბარია ეროვნული შერიგებისკენ მოწოდებაზე, როგორც გამოსავალზე.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისია, რომ ეროვნული შერიგებაც უნდა შედგეს და თაობაც შეიცვალოს, საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება "შერიგების ფორმატში" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
"არსებობს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი გეგმა დესტაბილიზაციის და რევოლუციის. ამ ვითარებაში ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა, ერთი მხრივ, რომ ვინმეს თავი მოაწონო და მეორე მხრივ, რეალური გეგმების შეფუთვის საჭიროება. შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე. პიროვნული ურთიერთობების აღდგენა, გამყარება და ჩახუტება, ეს ის რესურსი არ არის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ მედიასთან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება“, რის ნიშანწყალსაც ის ვერ ხედავს:
„მით უმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც, ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ“.
6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა:
"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“.
ეროვნულ შერიგებაზე საუბრობდა სააკაშვილი 14 ოქტომბრის მიმართვაშიც.


