„მივცეთ საშუალება, გაგვართოს!" – კალაძე კორუფციის შესახებ დასმულ კითხვებზე
07/12/2021 13:28:36 პოლიტიკა
"დაჯექი, ორიანი" - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს.
მანამდე ნადირაძემ კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და ჰკითხა, კიდევ რამდენი მილიონი ლარის "გაზიდვას" აპირებდა ქალაქის ბიუჯეტიდან მილანში და რამდენი მილიონი ლარის ქონების გადაცემას აპირებდა "კომოს ტბის ძმაკაცებისთვის"?
საპასუხოდ ქალაქის არჩეულმა მერმა დეპუტატის სიტყვით გამოსვლისას მას ჯამბაზი უწოდა.
"ლევან ხაბეიშვილი იყო საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი და ის ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. მივცეთ საშუალება, გაგვართოს!" - თქვა ქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატს დაესვა კითხვები და თავი შეეკავებინა შეფასებების გაკეთებისგან.
"თქვენ შეიძინეთ თბილისისთვის 200-ზე მეტი ავტობუსი და ამ შესყიდვიდან 60 მილიონზე მეტი მოიპარეთ. ამბობთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ იყიდოთ ავტობუსები, მაინტერესებს, აქედან რამდენ მილიონს მოიპარავთ?
თქვენ ნათელმირონ წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონი ლარის ქონება გადაეცით 1 ლარად.
თქვენ მეგობარ ბექა ოდიშარიას 200 000 ლარის ქონება გაუცვალეთ 5 მილიონ ლარში.
კომოს ტბის ძმაკაცებს "ცენტრ პოინტის" 35 მილიონის ქონება უნდა განაკარგვინოთ. მაინტერესებს, კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა მიცეთ თქვენს ძმაკაცებს?
მილანური სანაგვე, მილანური ნაძვის ხე, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ მილანებში?
და ბოლოს, სამართლიანია, რომ ამდენი კორუფციული სკანდალის მერე აქ იყოთ, მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში".


