სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა
08/12/2021 08:16:06 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს.
როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, 'პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია':
"პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი. პროტესტის ეს ფორმა გაჟღერებული იყო იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, ეს პროტესტის ფორმა არის ამოწურული".
სააკაშვილმა გუშინდელი დღიდან, 7 დეკემბრიდან მკურნალობაზე უარი თქვა. მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პროტესტის მიზეზი დისციპლინური წარმოების დაწყება და მნახველების შეზღუდვაა. სააკაშვილის თქმით, მე-18 დაწესებულების თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სამედიცინო აპარატის დაზიანების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინურ ზომებს გაატარებდნენ, რის გამოც შეხვედრები და ტელევიზორზე წვდომა შეეზღუდება.
პენიტენციურ სამსახურში კი თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არც შეხვედრები შეუზღუდავთ და არც ტელევიზორი ჩამოურთმევიათ.
7 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის პასუხად, მასთან მივიდა გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც მისი „წამების მონაწილეები ამოიცნო“:
„გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას (გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ), დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარება(ეს უკვე დღეს), რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ წყვეტს მკურნალობას, სანამ არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ დისციპლინურ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურად დაშვებას.
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის განცხადებებს სიცრუე უწოდა.
7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:
- ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
- მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
- რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
- რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.
სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური - 2000 ლარით.


