"ჩვენ ყოველთვის კონსტრუქციულები ვართ"
08/12/2021 16:16:31 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მხარე დაინტერესებულია სამუშაოს გაგრძელებით.
როგორც იგი ირწმუნება, რუსული მხარე ამ პროცესში ყოველთვის კონსტრუქციულია.
ამასთან, მან გააჟღერა რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი არახალი გზავნილი, რომლის თანახმად, "ნატო-ს საქმიანობა ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში".
„ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის მოლაპარაკების სივრცე, რომელსაც აქვს სტაბილური ხასიათი. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელზეც უნდა გვემსჯელა. ყველა მხარე დაინტერესებულია ამ სამუშაოს გაგრძელებით, დაველოდოთ ახალ წინადადებებს, თუ ასეთები იქნება და კონსტრუქციულობას. ჩვენ თავად ყოველთვის კონსტრუქციულები ვართ. თქვენი პოზიცია ნატო-ს საქმიანობის შესახებ გასაგებია, ჩვენ კი ვთვლით, რომ ეს ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში და არ მოაქვს ის ნდობა, რომელიც ახლა საჭიროა ამ ძალიან მნიშნელოვანი ურთიერთობების ნორმალიზებისა და ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებისთვის“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ანდრეი რუდენკომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ანდრეი რუდენკოს განცხადება "არის ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის არარელევანტურ საკითხებზე გადამისამართების ცალსახა მცდელობა":
„შეიძლება, ითქვას, რომ ეს არის ცალსახა მცდელობა მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართებისა ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური. ამას საქართველოს დელეგაცია აღიქვამს მხოლოდ როგორც მუქარას, როდესაც საუბარია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს საქართელოსთვის არის ის საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ განხილვას“.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართა.


