"მისაღებია, რომ გახარიას პარტიის წევრები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები"

09-12-2021 00:04:10 პოლიტიკა

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისაღებია, ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საკრებულო ოპოზიციონერების მიერ იყოს დაკომპლექტებული.

"ვფიქრობ, გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება. ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, რათა "ქართულმა ოცნებამ" ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს. ეს არის დაკვეთა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. დავხვდეთ შემხვედრი წინადადებით. იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. ჩვენ მათ დავუჭერთ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად. მაგრამ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, იყოს ოპოზიციური. ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერს, იმიტომ, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ ქართველმა ხალხმა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ფული არ მოიპაროს". - განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში

როგორც მან აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოზიციური პროგრამები შეჯერდეს და ოპოზიციამ უპასუხოს საზოგადოების საჭიროებას:

"ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ. ჩემთვის მიუღებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყოს ოპოზიციონერი, ხოლო ქართული ოცნების წარმომადგენლები დავასახელოთ სხვადასხვა თანამდებობებზე".

გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათი პარტია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით არის წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავისი კანდიდატები წარადგინა. თუმცა 3 დეკემბრის სხდომებზე რამდენიმე მუნიციპალიტეტში სხდომები ჩაიშალა და თავმჯდომარეების არჩევა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ეს მოხდა რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, სენაკსა და წალენჯიხში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები