ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
09/12/2021 05:44:57 პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების თანახმად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კვლავაც მთავარი ადგილია, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა მონაწილეს, გაზარდონ ძალისხმევა ნდობის გასამყარებლად.
"ორი დღის განმავლობაში მონაწილეები შეხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ადგილზე უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით სტაბილური. დისკუსიები კიდევ ერთხელ შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ძირითად საკითხს, ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მოწყობას. მონაწილეებმა გულახდილად გაცვალეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საზღვარგარეთ მოგზაურობა, დაკავებები, დაკარგული პირების საქმეები და უსაფრთხოების სპეციფიკური პრობლემები განსაზღვრულ რაიონებში. თუმცა, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე კონსტრუქციული ჩართულობის მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ძირითად საკითხზე დისკუსია ვერ შედგა იმის გამო, რომ ზოგიერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.
თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირებას ერგნეთში და ყურადღება გაამახვილეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციური განახლების შესახებ დადებით სიგნალებზე.
თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა მონაწილეს, გაზარდონ ძალისხმევა ნდობის გასამყარებლად და განიხილონ ყოვლისმომცველი და ადამიანური უსაფრთხოების ყველა ელემენტი, მათ შორის ტექნიკური დონის დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობით, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან", – ნათქვამია განცხადებაში.
მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 2022 წლის 29 –30 მარტს გაიმართება.


