ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია
09/12/2021 11:41:00 პოლიტიკა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა საკრებულომ, რომელშიც უმრავლესობაში ოპოზიციაა, თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით ვერც დღეს აირჩია, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ასარჩევად საჭირო 14 ხმა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ კენჭისყრამდე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წარდგენილ შოთა წურწუმიას კანდიდატურას, მან კენჭისყრაში, რომელშიც 14 ოპოზიციონერი და 12 “ქართული ოცნების” დეპუტატი მონაწილეობდა, 12 ხმა მიიღო. 13-მა დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ ჯუმბერ იზორიას. ერთი ბიულეტენი გაბათილდა იმის გამო, რომ ორივე კანდიდატი იყო გადახაზული.
მომხდარის გამო ოპოზიციამ დატოვა სხდომა, რომელზეც იმ კანდიდატისთვის უნდა ეყარათ კენჭი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. კვორუმის არქონის გამო, კენჭისყრა ვეღარ შედგა. მომდევნო სხდომა ერთი კვირის ვადაში უნდა შეიკრიბოს.


