კალაძე - ოლსონზე: "რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?"
09/12/2021 11:48:34 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ არ იცის ვინაა ერიკა ოლსონი და ინტერესდება, რა თანამდებობა აქვს მას.
კალაძეს ჟურნალისტებმა განუმარტეს, რომ ერიკა ოლსონი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რაზეც თბილისის მერმა თქვა, რომ ასეთი თანამდებობა თუ არსებობდა, არც იცოდა:
"ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ".
ერიკა ოლსონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა.
"ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა ოსლონმა.


