"არის პრემიერი, გარკვეული იერარქია" – ვოლსკი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზზე საუბრობს
10/12/2021 05:40:17 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმ გია ვოლსკიმ ჯანდაცვის მინისრის გადადგომის თემზე საუბრისას პრემიერ–მინისტრთან მის უთანხმოებაზე მიანიშნა.
"მაგარი ქალბატონია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი.
რაც შეეხება იმას, როგორ? რა მოხდა? გავა დრო და თავად ილაპარაკებს.
კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად წასულა, პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია.
საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები და გადაწყვეტილებებიც გამოუთქვამს. მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს: არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, თვითონ ილაპარაკებს", - თქვა ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.
იმის შესახებ, რომ ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს, 9 დეკემბერს გახდა ცნობლი. მას ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია, არც კითხვებზე გაუცია პასუხი, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანდაცვის გუნდის დაპირისპირებას პრემიერთან უვადო „მწვანე სტატუსის“ თაობაზე.


