კალაძე -ოლსონზე: "გუშინდელი ჩემი განცხადება არანაირი შეურაცხყოფა არ იყო, ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომ არ ვიცოდი"
10/12/2021 08:17:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და მისი პრობლემა იყო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ერიკა ოლსონის თანამდებობა არ იცოდა.
„იან კელის განცხადება გაუგებარია იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ზოგადად, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ასეთი ფაქტი არ არსებობს. გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან- მრჩევლის მოადგილე. ჩემი პრობლემა იყო, რომ არ ვიცოდი. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“,-განაცხადა კალაძემ.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი კალაძის კომენტარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
"საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას", - წერს იან კელი.
ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თბილისის მერმა ასე უპასუხა : "რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?“.


