"2021 წელს მოქალაქეების დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე კვლავ საუბრობენ"
10/12/2021 09:07:15 პოლიტიკა
2021 წელს დაკავებული პირები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.
"რაც შეეხება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, 2021 წელს დაკავებული პირები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემური იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შემთხვევაში. პრობლემურია ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა და პირთა დაკავების შესახებ მათი ოჯახების ინფორმირება. საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფელს. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უზრუნველყოფდა ასევე სახალხო დამცველის აპარატის დროულ ინფორმირებას.
წინა წლების მსგავსად, კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა. ასევე გამოწვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პოლიციის დაწესებულებების სივრცეები, სადაც დაკავებულს/მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით სრულად არ არის დაფარული", – ნათქვამია ანგარიშში.


