ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოების თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს
10/12/2021 09:20:43 პოლიტიკა
ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოს სხდომები გაიმართა. ვერც ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა დღეს ვერ მოახერხა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.
ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო. სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის თქმით, მუნიციპალიტეტებში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა". მისი განცხადებით, სრული უმრავლესობისთვის მმართველმა გუნდმა მათ ერთი მანდატი "წაართვა", თავმჯდომარის არჩევისთვის კი ახლა პარტია საქართველოს წევრების ხმებია გადამწყვეტი:
"პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება და ამ პოლიტიკურ კრიზისზე ეკისრება "ქართულ ოცნებას". საერთოდ, მომავალ სხდომაზეც აირჩევა თუ არა თავმჯდომარე, ბუნდოვანია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ღირებულებებით ვართ და ვერასდროს დავემთხვევი გახარიას პარტიას ღირებულებებში მე, მიუხედავად ამისა, მათ ზუგდიდელების ნაწილმა მიანიჭა მანდატები, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდნენ, გაერკვნენ, რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ მათ".
ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია. თავმჯდომარის ასარჩევად სულ მცირე 23 ხმა არის საჭირო. მანდატები პარტიებს შორის ასე ნაწილდება: ენმ - 22, "ქართული ოცნება" - 20, "პარტია საქართველოსთვის" - 3.


