გაუჩინარებული დეპუტატი რამიზ რამაზანოვი საკრებულოს სხდომაზე მივიდა, იგი თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
10/12/2021 10:18:31 პოლიტიკა
დმანისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მანამდე გაუჩინარებული ოპოზიციის წევრი რამიზ რამაზანოვი გამოცხადდა, რის შემდეგაც, ქვორუმი შედგა და 30 წევრიანი საკრებულოს უფლებამოსილება ცნეს.
დღევანდელ სხდომაზევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე. იგი მმართველი პარტიის წევრი დეპუტატი პაატა ყულიაშვილია, რომელსაც თავმჯდომარეობისთვის 16 ხმა სჭირდებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი რამიზ რამაზანოვი აირჩიეს.
რამაზანოვმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ იგი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საკრებულოში მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო.
"ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის ორგანიზაციის წევრები დღევანდელ სხდომამდე ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ რამიზ რამაზანოვთან დაკავშირებას. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მას მუქარით აიძულებდა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას, რათა ის არ ჩაშლილიყო. თავად რამიზ რამაზანოვმა სხდომის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას არავინ დამუქრებია.
"ახლობელთან ვიყავი, ახლობელთან, საქართველოში. მუქარა, არცერთი ზეწოლა არ იყო, ასე გადავწყვიტე მე პირადად", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.


