"ოლსონი სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს, იმედი მაქვს, შემდეგ ჯრზე შეხვდებიან"
10/12/2021 14:08:16 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკა ოლსონს არ ჰქონდა შანსი შეხვედროდა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მისი თბილისში ვიზიტის დროს და მსგავსი შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაჩნდეს ოლსონის შემდეგ ვიზიტზე.
"ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა თავისი სიტყვები, მაგრამ მე დავამატებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრემიერ–მინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც იგი ჩამოვა თბილისში, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ორგანიზება გავუწიოთ მერთან შეხვედრას, რათა მათ ჰქონდეთ საუბრის საშუალება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საელჩოს აკეთებს ბევრ საქმეს დედაქალაქის მერიასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი პარტნიორები ვართ და ძალიან სასარგებლო იქნება თუ ერიკა ოლსონსა და დედაქალაქის მერს ექნებათ საუბრის საშუალება შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
9 დეკემბერს "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს მედიის წარმომადგენლებმა ერიკა ოლსონის განცხადების კომენტირება სთხოვეს. კახა კალაძემ ოლსონის თანამდებობის დაზუსტება ითხოვა და შემდეგ განაცხადა:
„რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?", - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ არ იცის ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს. დღეს კახა კალაძე აცხადებს, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და მისი პრობლემა იყო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ერიკა ოლსონის თანამდებობა არ იცოდა.


