"საქართველოს პარტნიორებს სურთ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების ნახვა"
10/12/2021 14:28:32 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების ნახვა.
მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების დასრულების შემდგომ, პარტიები კონსტრუქციულად იმუშავებენ.
"საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას სურთ რეფორმების გაგრძელების ნახვა, ეს არის პროცესის ნორმალური ნაწილი, რომ გაგრძელდეს რეფორმები, რომელსაც საქართველო ატარებს ბოლო 20 წელია. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შთამბეჭდავი პროგრესი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის პერიოდში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ის გაგრძელდეს, ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა ითხოვა რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტებისგან, როგორიცაა ვენეციის კომისია, "ოდირი" და სხვა. ახლა ამ რეკომენდაციებს შესრულება სჭირდება. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ლიდერები რამდენჯერმე შეთანხმდნენ, მათ შორის მმართველო პარტია, რომ ეს რეფორმები არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, ახლა ნამდვილად არსებობს იმედი, რომ ახლა, როცა არჩევნები დასრულდა ყველა პარტია კვლავ ერთად და კონსტრუქციულად იმუშავებს, რომ განახორციელოს ეს რეფორმები, დაამტკიცოს კანონმდებლობა და შეინარჩუნოს საქართველოს წინსვლა იმ გზაზე, რომლით სვლაც ქართველების უმეტესობის სურვილია. ეს არის საქართველოს, როგორც ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და რომელსაც ქვეყნების ევროპული ქვეყნების ოჯახში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია",– აღნიშნა ელჩმა.
19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წერილით მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის. წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.


