ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე: "ქვეყანაში პოლარიზაცია არყევს მედიისა და არჩევნების ნდობას"
10/12/2021 16:00:53 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არყევს დემოკრატიის ორი საყრდენის - არჩევნებისა და მედია საშუალებების მიმართ ნდობას.
"დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა, არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.
საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს [საქართველოს] ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულვებელყოფილია. როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა. ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად:
"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ. თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება."


