ტიკარაძე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს
10/12/2021 16:48:29 პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა.
„მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ, პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ერთი ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის: ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც 9 დეკემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, წლის ბოლომდე სამინისტროში რჩება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ასევე მთლიანად სისტემისთვის.
კულუარული ინფორმაციით, ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანდაცვის გუნდის დაპირისპირებას პრემიერთან უვადო „მწვანე სტატუსის“ თაობაზე.


