რას პასუხობს სტოლტენბერგი რუსეთის მოთხოვნას, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება
11/12/2021 07:40:50 პოლიტიკა
ნატო–ში ეხმიანებიან რუსეთის მოთხოვნას, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და აცხადებენ, რომ ალიანსისთვის "მიუღებელია, რომ მოსკოვი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს გავლენის სფეროები ექნებათ".
„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასახულია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი, მათ შორი რუსეთიც არის. 1975 წლის "ჰელსინკის საბოლოო აქტში", "პარიზის ქარტიასა" და მრავალ სხვა შეთანხმებაში მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებები ნაწილი სურს გახდეს. ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთის ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატო–ს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო–ს წევრები“. ბუქარესტის სამიტიდან დღემდე გამართული ალიანსის სამიტების დეკლარაციებში ასახულია, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.


