"საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, საკითხი წინ წაიწევს"
13/12/2021 06:02:50 პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, საკითხი წინ წაიწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის.
„ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, საკითხი წინ წაიწევს. ნატო-მ დაარსების დღიდან ნათლად აჩვენა, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის წევრობისკენ და დააკმაყოფილებს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება:
"პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, ასევე მეც გარკვევით განვუცხადე ჩემს კოლეგას – საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომ მზად ვართ, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორი ნაბიჯების გადადგმისგან 2014 წელს თავი შევიკავეთ და რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ჩვენ რუსეთთან სტაბილურ, პროგნოზირებად ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ თუკი რუსეთი გააგრძელებს წინდაუხედავ და აგრესიულ ქმედებებს, ჩვენ ვუპასუხებთ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც".


