რა საკითხებზე იმსჯელეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე
13/12/2021 17:25:49 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების საკითხები განიხილეს.
როგორც ადმინისტრაცია იუწყება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსიის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნა 2022 წლის თებერვალში იგეგმება.
2022 წლის პირველ კვარტალში გგემავს საქართველოს მთავრობა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცებას.
გარდა ამისა, იგეგმება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
„რეფორმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ზოგადად სახელმწიფოსთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო თურმანიძემ.
ოფიციალური ცნობით, სხდომაზე, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო და მიმდინარე პროცესები.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.
საბჭოს სხდომაზე ასევე მოწვეული იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბლიაძე.


