"ვიდრე კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია"
14/12/2021 10:09:31 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის პოლიტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" თავს დამნაშავედ გამოაცხადებს და პოლიტიკიდან წავა.
“შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეული ფორმულა ასეთია: - ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ყველა უმძიმესი დანაშაული უნდა აღიარონ, რაც წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით ჩაიდინეს და რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს უნდა აღიარონ! ამის შემდეგ შეიძლება შერიგებაზე საუბარი დაიწყოს. ვიდრე დამნაშავეებს, კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. “ნაციონალური მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ მზადაა, პრეზიდენტს გაჰყვეს ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ვითარების გაუმჯობესებასთან.
“უნდა ვნახოთ, რამდენად შეიძლება ეს რეალისტური იყოს“, - დასძინა კობახიძემ.


