პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები საახალწლო მიღებაზე მიიწვია
15/12/2021 09:14:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. როგორც ცნობილია პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიების დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.
პარლამენტის დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, სწორი იქნება თუ ოპოზიცია მიპატიჟებას მიიღებს.
"მივიღე დაპატიჟება ამ მიღებაზე. ვფიქრობ, რომ დღეს, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწორია პოლიტიკურმა სპექტრმა დაიწყოს რაღაც ტიპის დიალოგი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს პოლარიზების რეჟიმისგან, რომელიც ანგრევს ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. ამ დიალოგის დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება", - აცხადებს სამადაშვილი.
ენმ–ის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს:
"ვინაიდან ეს არის კლასიკური ტიპის საახალწლო მიღება, მადლობა მათ მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როდესაც შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ".
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".
11 დეკემბერს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა. მოგვიანებით, მარგვეაშვილმა შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა. რაც შეეხება ზურაბიშვილს, პრეზიდენტს ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.


