ღარიბაშვილი: "გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო"
15/12/2021 09:31:09 პოლიტიკა
"გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი მიესალმება ნატო–ს გადაწყვეტილებას ალიანსის სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშრებით.
"ჩვენ გვჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა და ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები სათანადოდ აისახება ამ დოკუმენტში. მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს პირადი ძალისხმევისთვის და ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის. საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


